
'ქართუ' ახალ მსხვერპლს ეძებს...
13:17:31     16-01-2013
„ბანკი ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე, მოდულის შენობაში დღეს საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე არიან დაბარებულნი.
„რუსთავი 2“- ის ინფორმაციით, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ყოფილ თანამშრომელებთან ერთად, ადეიშვილს და ებანოიძეს ბრალი დღესვე წაუყენონ.
დღევანდელი დაკითხვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ჯაბა ებანოიძეს. მისი თქმით, არანაირი უწყება ან შეტყობინება ამ დრომდე არ მიუღია.
უცნობია მივა თუ არა შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დაკითხვაზე.
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება, მის ნაცვლად დაკითხვაზე ადვოკატი გამოცხადდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკის გაკოტრების სქემაში ჩართული იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი, ჯაბა ებანოიძე და აღსრულების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი კონსტანტინე მელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძველი თბილსის რაიონის გამგებლად დაინიშნა.
საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ შსს-ს ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელზეც გამოძიება დაიწყო სწორედ ივანიშვილის კუთვნილი ბანკის საქმე იყო.
ამ საქმეზე უკვე დაიკითხა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური.
დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში კითხავდნენ მოდულის შენობაში ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ვერა ქობალიას, ასევე მოწმის სტატუსით დაიკითხა დიმიტრი გვინდაძეც.
‘’ბანკი ქართუ’’, 15 წლის წინ, საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული მილიარდერი, იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან მისი ბიზნესის გაკორების მცდელობაზე ხშირად ამახვილებდა ყურადღებას.
პრემიერის ამ განცხადებას პრეზიდენტი სააკაშვილიც გამოეხმაურა და ბანკის გაკოტრების მცდელობას სისულელე უწოდა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი სურვილის შემთხვევაში მისი ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა, რომ „ქართუ ბანკს“ შეეწყვიტა არსებობა. პრეზიდენტმა მთავრობის ეს განცხადებები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შურისძიების მცდელობას დაუკავშირა.